მემორიალები

1.აფხაზეთის მემორიალი

XX საუკუნის 90-იანი წლები უმძიმესი იყო საქართველოსთვის.ქართველი ერის მეხსიერებაში მწარე მოგონებად დარჩა ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში,აშლილობა მთლიანად ქვეყანაში.საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად,მოქალაქეობრივმა მოვალეობამ და მამულის სიყვარულმა ააღებინა ადამიანებს ხელში იარაღი.მათ შორის იყვნენ ავტოქარხნელები,ავტოქარხნელთა მამები,მეუღლეები,შვილები.მრავალი დაიღუპა,ზოგი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.ვინც გადარჩა,მათ დღესაც  ერთი აზრი ამოძრავებთ - საქართველოს - ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას ერთი გოჯი არ აქვს დასაკარგი.ამ თაობამ შვილებს ეს სატკივარი არ უნდა დაუტოვოს.
    როგორც სამაჩაბლოში,ასევე აფხაზეთშიც მრავალი ავტოქარხნელი დაიღუპა.1992 წლის 5 სექტემბერს,მარტვილში,ერთ-ერთ ბანდასთან შეტაკების დროს ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაიღუპა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის განყოფილების უფროსი - დავით ჯანელიძე.
    ,,ვისაც არ განუცდია,ვერ წარმოიდგენს,რა ძნელია წაგებული ჯარისკაცის ხვედრი,გალახული და შეურაცხყოფილი კაცის სინდრომი,რომელიც მთელი ცხოვრება მიგყვება'' - ამბობს გია ნოზაძე,ყოფილი ოცმეთაური.
    აფხაზეთის ომში დაღუპული ავტოქარხნელების ხსოვნის უკვდავსაყოფად ავტოქარხნის ტერიტორიაზე არსებობს აფხაზეთის მემორიალი.

2.ჩერნობილის მემორიალი

    1986 წლის 25 თებერვალს გაიხსნა სსკპ 27-ე ყრილობა.ყრილობისათვის მზადების დღეებში ყველა საწარმო და ორგანიზაცია სოციალისტურ შეჯიბრებაში იყო ჩართული.ქუთაისის საავტომობილო ქარხანამაც აიღო ვალდებულება ყრილობის გახსნის დღეს გეგმის ზევით რამდენიმე ავტოგამწის დამზადების შესახებ.წინ გამსწრები გრაფიკით უპატაკეს ყრილობას ჩერნობილის ატომური სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება.სწორედ აქ, ამ ფაცა-ფუცში გაიპარა შეცდომა.ატომური სადგურის რეაქტორში რადიაციამ გაჟონა.ეს შეცდომა ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდა მთავრობას.დღესაც ჩერნობილის ირგვლვ ათასობით კილომეტრი უბედურების ზონად არის გამოცხადებული.
     ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფმა ქართველმა ჯარისკაცებმა,მათ შორის იყო ავტოქარხნელი სიმონ ლომსიანიძე.ჩერნობილში საქართველოდან 2000 ადამიანი გაემგზავრა მოსახლეობის დასახმარებლად,აქედან 30-ზე მეტი ავტომშენებელი იყო.
     ავტოქარხნელი ვაჟა ჟორჟოლიანის ინიციატივით მოეწყო საქარხნო შაბათობა და გამომუშავებული თანხა მთლიანად გადაირიცხა ჩერნობილელთა დახმარების ფონდში.მრავალმა ავტოქარხნელმა სტუმრად მიიღო უკრაინელი ოჯახები და შეუქმნა მათ ნორმალური ცხოვრების პირობები.
    ჩერნობილის მონაწილეთა ასოციაციისა და მერიის ძალისხმევით ავტოქარხნის ტერიტორიაზე გახსნილია დაღუპულ ჩერნობილელთა ხსოვნის (16 კაცი) მემორიალი.
ინფორმაცია მოვიძიეთ წიგნიდან ,,ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე''  (ავტ.ლიანა იობიძე, 2007წ. სტამბა შპს ,,საქართველოს მაცნე'', ქ.თბილისი) და ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებისგან.
ფოტოების და ინფორმაციის ავტორი:ანი ონიანი

Комментариев нет:

Отправить комментарий