ქუთაისის საავტომობილო ქარხანა


     გასული საუკუნის 40-იან წლებში სახალხო მეურნეობის ინტენსიური ზრდის შედეგად დღის წესრიგში დადგა საავტომობილო მრეწველობის განვითარების საკითხი.

    1945 წლის 6 მაისს (მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე 3 დღით ადრე) საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა მიიღო (№8436) დადგენილება საქართველოში,კერძოდ ქალაქ ქუთაისში საავტომობილო ქარხნის აშენების შესახებ.მიზანი იყო შემდეგი:საავტომობილო ქარხნის აგება ხელს შეუწყობდა ამიერკავკასიაში ავტოტრანსპორტის განვითარებას და დააჩქარებდა ამ მხარის ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას.

    იმდროისათვის ქუთაისში უკვე არსებობდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა,რომელიც ეკუთვნოდა 1940 წელს დაწყებულ საავიაციო ქარხანას.მსხვილი საწარმოს - საავტომობილო ქარხნის აგება გაზრდიდა ქუთაისის ეკონომიკურ პოტენციალს.

    ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მშენებლობის პროექტი ძირითადად დამუშავდა მოსკოვში, საშუალო მანქანათმშენებლობის ქარხნების დაპროექტების სახელმწიფო ინსტიტუტში.

    დაიგეგმა, რომ ქუთაისის საავტომობილო ქარხანა გამოუშვებდა ''ზილ-150'' ტიპის 3,5 ტონიან სატვირთო ავტომანქანებს, წლიურად 30 ათასს, ყოველდღიურად 100 ერთეულს.

   დაიწყო გრანდიოზული მშენებლობა, რომელიც რვა ობიექტად დაიყო.
   მშენებლობის პარალელურად დაიწყო მეავტომობილეთა კადრების მომზადება, რისთვისაც საავტომობილო და სატრაქტორო მრეწველობის საწარმოებში სასწავლებლად გაიგზავნა 570 კაცი. ახალგაზრდა ინჟინრებმა ქარხანაში დაბრუნებისთანავე წარმატებით დაიწყეს თანამდებობებზე მუშაობა.
    ქუთაისის საავტომობილო ქარხნის პირველ დირექტორად დანიშნეს ამავე ქარხნის მშენებლობის ორგანიზატორი, ბორის ბუკია(1945-1956წ.)
    ქარხნის მშენებლობის დასრულება 1950 წლისთვის იყო დაგეგმილი. ამ დროისათვის შედეგები ნამდვილად სასიხარულო იყო. ქარხანას და მის დასახლებას ვეღარ ცნობდა კაცი.
    აშენდა 150 ათასი კვ. კილომეტრი საწარმოო ფართობი,35 კვ. მეტრი რკინიგზა, 15კვ.მეტრი გზატკეცილი, 60 კილომეტრი გადამცემი ხაზი. მუშების, ინჟინრებისა და მოსამსახურეებისათვის აშენდა დაბა, სადაც უკვე 32 ათასი კვ. მეტრი ფართობი იყო დასახლებული. აიგო და ცალკე მშენებლებისთვისაც  აშენდა 27 ათასი კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართობი. დასაქმდა უამრავი ადამიანი

 1967 წელს ქარხანამ დაიწყო КАЗ-608-ის წარმოება.

1976 წელს კაბინას ფორმა შეუცვალეს, აქამდე მომრგვალებული კაბინა ახლა კუთხეებიანი გახდა.მისი წინა ნაწილიდან გაქრა სახელწოდება ''Колхида'' და მისი ადგილი დაიკავა სამმა ასომ- ''КАЗ'',მაგრამ ამის მიუხედავად ავტომობილს მაინც ''კოლხიდას უწოდებდნენ. ავტომობილის მოდელის გაუმჯობესების შემდეგ გაიზარდა გადასატანი ტვირთის მასაც 15 500 კილოგრამამდე. გაიზარდა საწვავის ავზის მოცულობაც.



   ქუთაისის ავტოოქარხანა მეტალურგიულ მუშაობასაც ეწეოდა - ქარხანა აღჭურვილი იყო მსხვილი კომპლექსური სიმძლავრეებით.  მას გააჩნდა უნიკალური ჩარხ-დაადგარები, რომელთა ანალოგი კავკასიაში არ იყო. ეს დანადგარები ოთხმოცდაათიან წლებში გატანილი და გაყიდულ იქნა საზღვარგარეთ.
   ქუთაისის ავტოქარხანას, რათქმაუნდა ჰყავდა უცხოელი პარტნიორებიც: გერმანული CLASS, შვედური SKF, იტალიური FANTUCI  და  FIRI და ა.შ.

     სულ ქუთაისის ავტოქარხანაში შექმნილი იქნა შემდეგი სერიული თუ ექსპერიმენტალური ავტომანქანები :
КАЗ-130 – შემქნილი იყო ЗИЛ-164-ის ბაზაზე
КАЗ-605 – გამოყენებული იყო ЗИЛ-164-ის აგრეგატები
КАЗ-606 – გამოყენებული იყო ЗИЛ-164-ის აგრეგატები
КАЗ-608 – გამოყენებული იყო ЗИЛ-130-ის აგრეგატები
КАЗ-608В – გამოყენებული იყო ЗИЛ-130-ის აგრეგატები
КАЗ-4540 – თვითმცლელი (1984-1998)

 სამხედრო ტექნიკა - ჯავშანტრანსპორტიორები:

Объект-1015 – ყველაზე წარმატებული ქუთაისური ჯავშანტრანსპორტიორი რომელიც ტენდერში დამარცხდა БТР-60 - თან
Объект-1020
Объект-1030
Объект-1040 – მის შექმნა დაიწყო 1960 წელს
Объект-1045
     საავტომობილო ქარხნის წარმატება გრძელდებოდა წლების განმავლობაში მანამდე, სანამ საბჭოთა კავშირი არსებობდა. მისმა დაშლამ (1992) ჯაჭვური სისტემის ეკონომიკისა და მრეწველობის მოშლა და რესპუბლიკაში მოქმედი ყველა დიდი საწარმოს, მათ შორის საწარმოო გაერთიანება ,,ქუთაისის საავტომობილო ქარხნის'' გაჩერება გამოიწვია. 1990 წელს საწარმოო გაერთიანებამ თუ 5736 მანქანა გამოუშვა,1991 წელს ეს რიცხვი 2658-მდე შემცირდა, ამის შემდეგ იწყება წარმოების დაქვეითება, მოიშალა წარმოების  ციკლი.
    1993 წელს ქარხნის ვალმა 2 ტრილიონ კუპონს მიაღწია, სახელფასო დავალიანება კი 250 მილიარდს შეადგენდა. ამ დროისათვის წარმოებაში 3 ათასი კაცი მუშაობდა, რომელთაც 4-5 თვის ხელფასი არ ჰქონდათ აღებული, რასაც მოჰყვა მუშა-მოსამსახურეების გაფიცვები. ამის შემდეგ პრეზიდენტის განკარგულებით განხორციელდა გარკვეული შეღავათები .
    მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობის შემცირება გახდა ერთადერთი გზა ქარხნის გადარჩენისა.

   ქუთაისის ყოფილი ავტოქარხანა რამდენიმე ქართული ფილმის გადაღების ადგილი გახლდათ. მათ შორის შოთა მანაგაძის ფილმისა - ,,საბუდარელი ჭაბუკი''. ფილმის დიდი ნაწილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე გადაიღეს.
     2011 წლის ოქტომბერში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე სს ,,ქუთაისის ავტოქარხნის'' რეგისტრაცია გაუქმდა და საწარმო ლიკვიდირებულად გამოცხადდა.
     დღეს ყოფილი ქარხნის ტერიტორია ,,ჰუალინგის'' თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას წარმოადგენს. იქვეა ეგვიპტური ზონაც, ხოლო შედარებით მცირე ფართობზე შპს ,,ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა'' განთავსდა, რომელიც ჰოლდინგ ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის'' ,,GeorgianIndustrialGroup''-ის კუთვნილი კომპანიაა.


  ინფორმაცია და ფოტოები  მოძიებულია წიგნიდან ,,ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე''(ავტ. ლიანა იობიძე, 2007წ. სტამბა შპს გაზეთი ,,საქართველოს მაცნე'', ქ. თბილისი). და ავტოქარხნის ყოფილი თანამშრომლებისგან.


ავტორი: ანი ონიანი


Комментариев нет:

Отправить комментарий