პოეტები და მწერლები ავტოქარხნის შესახებ

პოეტები და მწერლები ავტოქარხნის შესახებ

    ქუთაისი - საქართველოს ეს უძველესი და უმშვენიერესი ქალაქი,მისი ყოველი სიახლე და მიღწევა მუდამ იყო მწერალთა და ხელოვანთა შთაგონების დაუშრეტელი წყარო...
    პოეტების მეფე - გალაკტიონ ტაბიძე ჩვენი ქალაქის ხშირი და სასურველი სტუმარი იყო და დიდი სიხარულით შეხვდა ცნობას ქუთაისის დასავლეთით,მაღლაკის ველზე საავტომობილო ქარხნის მშენებლობაზე და იგი რესპუბლიკის ინდუსტრიულ მაჯისცემაში მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნდა.
     1945 წლის 3 დეკემბერს გალაკტიონ ტაბიძე ქუთაისს ეწვია.საპატიო სტუმარი პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივანთან გ.ნარსიასთან და კომკავშირის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის მდივანთან ნ.იმანიშვილთან ერთად საავტომობილო ქარხნის მშენებლობაზე მოვიდა,დაათვალიერა კორპუსებისთვის გაჭრილი ბალავარიდა ხარაჩოებში ჩასმული მშენებარე შენობები,ესაუბრა მშენებლებს.
    გალაკტიონი ქუთაისის საავტომობილო ქარხანას მეორედ,1947 წლის ზაფხულს ეწვია.ქარხნის დირექტორთან ბორის ბუკიასთან მეგობრობდა და მასთან ერთად სიამოვნებით დაათვალიერა მშენებარე ობიექტები და უკვე მწყობრში ჩამდგარი საამქროები.
    ავტოქარხნის მშენებლობაზე და სხვა მომავალ ქართულ ავტომობილზე და მოწინავე მშრომელებზე წერდნენ ლექსებს:იოსებ გრიშაშვილი, ვარლამ      ჟურული,ზურაბ ლორთქიფანიძე,დომენტი ახობაძე  და პირველი ქართული ავტომობილის კონვეიერიდან გადმოსვლის ზეიმზე 1951 წლის 18 აგვისტოს ლექსები წარმოთქვეს პოეტებმა კარლო კალაძემ და ალიო მირცხულავამ.     
    ,,ქუთაისელი მწერლები ავტოქარხანაში'' - ასეა დასათაურებული 1960 წლის 5 მარტის ერთი გვერდი,რეპორტაჟი მიჰყავს უშანგი ხოხიაშვილსა და შოთა გაგიშვილს: ,,ძალუმად იგრძნეს მაღლაკის მიწის მაჯისცემა,როცა თებერვლის ერთ მშვენიერ დღეს ვერცხლის ლამბაქივით მოკრიალებულ ცაზე ქარხნის მილებიდან აბოლილი მუქი ღრუბლის სვეტი შენიშნეს''.


დაჰკა წერაქვი
(გალაკტიონ ტაბიძე)


                                  დაჰკა წერაქვი,დაჰკა წერაქვი
                                  ჰეი,დაჰკარი!
                                  გადმოანგრიე მძიმე ლოდები
                                  ნიადაგარი...
                                  აგურს - აგური,ფიცარს - ფიცარი,
                                  მკლავი მაგარი.
                                  ვერას დააკლებს ახალ შენობას
                                  წვიმა და ქარი.
                                  მოდის ტრიალით ინდუსტრიალურ
                                  აღმშენებლობა,
                                  იმ ისტორიის ძველი ბორბალი
                                  ლაფში ეფლობა.
                                  წინ,წინ!მაღალი-მშრომელი ხალხის დროშა აქ არი.
                                  დაჰკა წერაქვი,დაჰკა წერაქვი,
                                  ჰეი,დაჰკარი!


  
მასალა მოძიებულია წიგნიდან ,,ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე'' (ავტ. ლიანა იობიძე, 2007წ. სტამბა შპს გაზეთი ,,საქართველოს მაცნე'', ქ.თბილისი).
ავტორი: ანი ონიანი

Комментариев нет:

Отправить комментарий